ერთი წლის წინ დამწვარი, თბილისის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო სახლის – “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები პროკურატურისგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოსგან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი.
შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა – ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ.
„2017 წლის 1 დეკემბერს, გ.მ.-ს და მ.თ.-ს საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება. ბრალდების მხარეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებმაც მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს. თითოეულ მათგანს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები. პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, თითოეულ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, თუმცა, უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოსგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება“,- ნათქვამია განცხადებაში.
2017 წლის იანვარში, “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრის ფართობი დაიწვა, განადგურდა შენობაში არსებული პროდუქცია. დაზარალდნენ მცენტრში არსებული მოვაჭრეები.