„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს

რიონის ხეობის გადარჩენისთვის მედიაციის პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს.

„ნამოხვანის პროტესტი 300 დღეზე მეტია, უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე გამოაშკარავდა არა მარტო ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შეუძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა. პროტესტმა შეძლო რეზონანსული გაეხადა ნამოხვანის თემა, ხელი შეუშალა უკანონო მშენებლობის პროცესს, მოახერხა გამოეწვია მოქალაქეთა გაცნობიერებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებისადმი. სახელმწიფოსა და თურქულ კომპანია „ენკას“ შორის უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების, ამავე კომპანიის საკუთრებაში გადაცემული 605 ჰა მიწისა და დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხელისუფლება, ძლიერი საპროტესტო წნეხის გავლენით, იძულებული გახდა გაესაჯაროებინა იმ დრომდე კონფიდენციალური ხელშეკრულება, მიწის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტი, აგრეთვე გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წელს გაცემული კრიტიკული დასკვნა. ხელისუფლებამ აღიარა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ამ პროექტს უკავშირდება, მათ შორის, კომუნიკაციის ნაკლებობა, მიწის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, კვლევების ვალიდურობის საკითხი.

კრიზისის განსამუხტად და ნამოხვანის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ვალიდურობის დასადგენად ხელისუფლებამ მიმართა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრს, როგორც მედიატორს. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო, ერთი მხრივ, სახელისუფლებო ჯგუფს, მეორე მხრივ კი, ჩვენი საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში. მართალია, მედიატორი შეირჩა სახელისუფლებო ჯგუფის მიერ, რომელსაც, ჩვენი მათთან ურითიერთობიდან გამომდინარე, რთულია ენდო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა არავითარი საფუძველი უნდობლობა გამოგვეცხადებინა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანებისათვის. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სწორად წარმართული მედიაციის პროცესი იქნებოდა უმნიშვენელოვანესი მიღწევა ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში, ამავე დროს, ეს იქნებოდა ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის საერთაშორისო შეფასების პრეცედენტი ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით.

მედიისათვის დახურული მოლაპარაკებების პროცესი უკვე სამ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ეს ფორმატი“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები