“TI-ის, საია-სა და ISFED-ს შუალედურ ანგარიშებში დარღვევებია” – “ოცნება”

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, ინფორმაცია წარმოადგინა. 

მან განმარტა, რომ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში, ისეთი დარღვევებია მოყვანილი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მოხდა. 

“გვინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობასთან. 

მისასალმებელია, რომ ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, 30-ზე მეტი კი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირებული. გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ. 

ჩვენი გუნდის მიერ, გაანალიზდა 3 ორგანიზაციის – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და” სამართლიანი არჩევნების” მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა. 

სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მოხდა. ამ პერიოდში კი, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

“ქართული ოცნება” სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ფაქტების შესწავლასა და მათზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები