“ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე დაბალ მოაჯირს წამოედო და გადავარდა” – მამუკა მდინარაძე

„მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე განცხადებას აკეთებს. მმართველი გუნდის განცხადებით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მეორე სართულიდან არავის გადაუგდია და ის მოაჯირს წამოედო და თავად გადავარდა.  

“ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით “მთავარი არხის” ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე.

ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებია სერიოზული დაზიანება ოპერატორს არ აქვს. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგელობით, პირდაპირ, გადაჭრით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ფიზიკური შეხება არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა. სამართალდამცველბი ამ თემას გამოიძინებენ დეტალურად“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპერატორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

მსგავსი თემები