„ვაგროვებთ კომპრომატებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს“ – წერილი ჯოჯოხეთიდან  

მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ გავრცელებული ფარული, მაკომპრომატირებელი ჩანაწერების ნაწილი ავთენტურია, თუმცა, ამას იმით ხსნის, რომ ვინც საკუთარ, უწყინარ ავთენტურ ჩანაწერს ამოიცნობს ფაილში, ის იფიქრებს და დაიჯერებს რომ ყველაფერი ავთენტურია ამ ჩანაწერში.

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მსგავსი ავთენტური და უწყინარი ჩანაწერები ამ ფაილებში, რომ მავანს და მავანს იმ სიბინძურეების ერწმუნა, რაც ფარული მიყურადების 60 000 ფაილშია ასახული.

„მაგალითად, მირეკავს პროდიუსერი და მითანხმებს რომ მივიდე ამა და ამ გადაცემაში, მითანხმებს თემას და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ეს არის ავთენტური. ჩვეულებრივი, არაფრის მომცემი საუბარი. როცა ასეთი ჩანაწერები არის ფაილში, ბევრი ირწმუნებს, რომ რადგან ეს რეალურია, სხვა ყველაფერი რეალურია. თქვენ, რომ თქვენს რეალურ საუბარს ნახავთ ამ ჩანაწერში, რომელიც თუნდაც რესპონდენტთან საუბარს ეხება, თუნდაც გადაცემაში მიწვევას, ასკვნით რომ ეს ფაილები ავთენტურია. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რაც იმ ფაილებშია, ყველაფერი ავთენტურია. ის, რაც მოხდა, არის ქვეყანაზე თავდასხმა. იმის გამო რომ რაღაც ავთენტურია, ამის გამო ჩნდება ილუზია, რომ ყველაფერი ასეა.

თქვენ ან თქვენი მეგობარი რომ წაიკითხავს ამ წერილებში რომელიღაც სატელეფონო ჩანაწერს, რა თქმა უნდა საკუთარს, რომელიც ზუსტად იქნება აღწერილი, ბევრისთვის ეს საკმარისი საფუძველი იქნება რომ დაასკვნას, რომ რადგან ეს რეალურია, სხვა ყველაფერი რეალურია“ – აცხადებს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გავრცელებულ 60 000 ფაილთან დაკავშირებით, რომელიც 3 დღეა განხილვის მთავარი თემაა და რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს,  ვიყენებთ თქვენს სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს, ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით…. მე არ მეძებოთ…ვერ მიპოვით, ჯოჯოხეთში გელოდებით“ – ეს გახლავთ წერილი, რომელიც ფაილებიც გამავრცელებელმა პირმა ფაილების გავრცელებამდე გამოაქვეყნა.

როგორც მეუფე განმარტავს, მან იცის, ვინ არის ამ წერილის ავტორი.

„მე ნამდვილად ვიცი ამ წერილის ავტორი ვინ არის. ამ წერილის ავტორი წერილს ჯოჯოხეთიდან გვიგზავნის და ის არის ეშმაკი“ – განმარტავს მეუფე.

მსგავსი თემები