გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე ისაუბრა. როგორც გახარია განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია მან სწორედ ექსპერტიზის ბიუროდან მიიღო.

„რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ  და „ოცნების“ „ბოსებმა“ განაცხადეს, რომ მათთვის ეს საკითხი უკვე დახურულია და ეს თემა ამოწურულია. ეს საკითხი ჩემთვის დახურული არაა და მხოლოდ ახლა ვიწყებ ამაზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, შემოაგდო თემა და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ადამიანების ბრალდებაზე მუშაობს. შემდეგ ერთ-ერთ შენს პროპაგანდისტულ ტელევიზიაში გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშვნელოვან ინტერვიუში ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს ინტერვიუს პრიმიტიული კითხვით – ნარკოტესტს ჩაიტარებთ თუ არა. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის სუს-ის მუშაობა და რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, პირველ რიგში იმიტომ, რომ პატივს ვცემ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ამომრჩევლებს“ – აღნიშნა გახარიამ ბრიფიბგზე.

მისივე განცხადებით, ის ანალიზს გაიკეთებს ევროპაში და არა საქართველოში.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულეციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები