გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლონდა თოლორაია გამოძიების დაწყებას ითხოვს  

„სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს“ – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

საუბარია გავრცელებულ ფაილებზე, რომელიც  სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერნეტში გავრცელდა. ფაილებში თითქმის ყველა სასულიერო პირი ფიგურირებს. ჩამოთვლილ გვარებს შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჟურნალისტებიც არიან.   

„სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინებისა ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამსახურის კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისს №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მყარ გარანტიებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – აცხადებს ლონდა თოლორაია.

მსგავსი თემები