საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მარიხუანის სამედიცინო მიზნებით წარმოება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში, რაც საქართველოს შემთხვევაში მყარად გარანტირებული არ არის.
დეპუტატის ინფორმაციით, “მარიხუანის კულტივაციის შესახებ” კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში გარკვეული დროით გადაიდო. თავად დოკუმენტი მთავრობის ინიცირებულია და პარლამენტი მას თვითნებურად ვერ გაიწვევს.
როგორც გია ჟორჟლიანმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კანონპროექტის გაწვევა შეუძლია მას ვინც ის შეიტანა პარლამენტში. კანონპროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა. პარლამენტს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და არ განიხილოს კანონპროექტი, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით და დადგენილი წესების მიხედვით არის შემოტანილი პარლამენტში.
მისივე თქმით, მარიხუანის კულტივაციის თემამ საზოგადოების უაღრესად დიდ ინტერესს გამოიწვია. ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ზე მეტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიცია აქვს და უნდა დაკმაყოფილდეს მათი ინტერესი, კერძოდ, რა რისკები არსებობს, როგორი იქნება სახელმწიფო კონტროლი და სხვა.
დეპუტატის აზრით, თუ საუბარია მცენარე კანაფის სამედიცინო მიზნებით წარმოებაზე, ამდენი აჟიოტაჟი საჭირო არ არის.
“თუ საუბარია სამედიცინო საკითხებზე, ამას აჟიოტაჟი არ სჭირდება, მაგრამ თუ იმაზეა საუბარი რომ ამის კულტივაცია გახდეს ჩვეულებრივი ხასიათის, ცხადია ეს ძალიან საჩოთიროა იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორი იქნება კონტროლი, რა რისკები არსებობს, უნდა გაანალიზდეს. ეს არის სპეციალისტების საქმე. ყველა შემთხვევაში ასეთი წარმოება სამედიცინო თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის პირობებში. ჩვენს პირობებში შესაძლოა ეს არასათანადოდ განხორციელდეს და შეიქმნას მისი შავ ბაზარზე მოხვედრის რისკი”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
დეპუტატის თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა მაღალი ღირებულების პროდუქტების შექმნა, უპირველესად ეს არის მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაციები და ა. შ.
“ჯერ არ იცის ისტორიამ ქვეყანა, რომელიც განვითარდა ინდუსტრიის განვითარების გარეშე. მათ შორის სოფლის მეურნეობაში გადამამუშავებელი მრეწველობის დამკვიდრებით. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის. ეკონომიკის მიმისტრმა თქვა, რომ მოსახლეობის 50% სამსახურში არ დადისო, ანუ მოსახლეობის ნახევარი დე ფაქტო უმუშევარია. ეს რესურსი უნდა ამოქმედდეს მაღალი ღირებულების პროდუქტის შესაქმნელად, ამას სჭირდება რადიკალური ღონისძიებების გატარება ეკონომიკის, დასაქმების პოლიტიკაში და განათლების სისტემაში. ეს არის კომპლექტური ამოცანები”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ ის დაეყრდნობა ამოწურვად რესურსებს.