„დედაქალაქში საცხოვრებელი  კორპუსები  არასოდეს აშენდება რეკრეაციული სივრცის ხარჯზე“ – კახა კალაძე  

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კრწანისის რაიონის მოსახლეობას ხვდება.  თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, რეკრეაციული ზონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენების  მავნე პრაქტიკა სწორედ მისმა გუნდმა დაასრულა.

„ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც  ურბანული დაგეგმარება საერთოდ არ ხდებოდა, ქაოტური განაშენიანება მიმდინარეობდა. სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები დატაცებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ეს ადგილი არის ნათელი მაგალითი. ტერიტორია გამზადებული იყო იმისთვის, რომ აეშენებინათ კორპუსი. 10 წელი იბრძოდით იმისთვის, რომ ეს დაგებრუნებინათ.  აქ იქნება ძალიან მაგარი სივრცე,  სადაც ყველა თაობის  ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. უამრავი ასეთი პრობლემა იყო. ვაკის პარკი იყო ანალოგი“ – განაცხადა კალაძემ.

მისი შეფასებით, დღეს, ქალაქთან მიმართებაში სხვა მიდგომები არსებობს.

„არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა. ეს ჩვენ დავასრულეთ და დღეს ჩვენ უკვე სხვა მიდგომები გვაქვს. ვერცერთი რეკრეაციული სივრცის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე ვერ აშენდება  საცხოვრებელი კორპუსები თუ ოფისები. დღეს ქალაქს ყველაზე ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, სჭირდება პარკები, სკვერები. ჩვენ მეტი მსგავსი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში და ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები