„როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში და არავის მივცემთ უფლებას, ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული და გამოცხადებული რეფერენდუმი ფარსია.

„უყურეთ, როგორი ცრუ პროპაგანდა აქვთ მოგონილი და როგორ მუშაობს მათი პროპაგანდისტული მანქანა; გამოაცხადეს რეფერენდუმი, წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია თვითონ ეს სიტყვა – როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ზოგს საერთოდ 1%-იც კი არ აქვს გადალახული“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მობილიზება გაუკეთონ 20 თუ 25%-ს.

„თუნდაც მათი განცხადებები, რომ რეფერენდუმია და რაღაც სასწაული ხდება, ამ დროს არაფერი ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ხალხი ირჩევს მუნიციპალიტეტის მერებს, რომელ რეფერენდუმზეა საერთოდ საუბარი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში, ასე, რომ არავის მივცემთ უფლებას, მილიონი ამომრჩევლის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები