“დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყაზბეგის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და მოქმედ მერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, ყაზბეგელებს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ღირსეულ კანდიდატს, კაცს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურა ყაზბეგს, თითოეულ ყაზბეგელს, თქვენს უსაფრთხოებას და მჯერა, იგი გააგრძელებს თავისი მშობლიური ყაზბეგის და ყაზბეგელების ღირსეულ მსახურებას. ბაკურ ავსაჯანიშვილი – ღირსეული, წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს, იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი. როცა მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ ჩემს დროს დაინიშნა ბატონი ბაკური და ის, რომ 8 წლის განმავლობაში კაცი ერთ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობდა, რა თქმა უნდა, ადასტურებს მის პროფესიონალიზმს, მის მაღალ კვალიფიკაციას და წესიერებას. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ ამპლუაში. ასევე მინდა, მოქმედ მერს, ალეკო ზაგაშვილს მადლობა გადავუხადო ასევე ღირსეული სამსახურისთვის, რომელიც მან ამ 4 წლის განმავლობაში გასწია და ემსახურა ყაზბეგს და ყაზბეგელებს.

ჩვენ აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს, ისევე, როგორც ჩვენ გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში თქვენთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუნდაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, ბაღების მშენებლობა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პარკის მოწყობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის მართვა, მას შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სხვათა შორის ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნურობით, ქვეყანას არნახული ზიანი მიაყენეს და ეს გამოუსწორებელი მემკვიდრეობა ჩვენი გამოსასწორებელია. რაც მთავარია, ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები