“ამათ მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, დამღალა…” – იაგო ხვიჩია საარჩევნო ბარიერზე

საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის 2%-იანი ბარიერის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესაძლო შეცვლა, პოლიტიკური განხილვების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს “ქართული ოცნების” მორიგი სიურპრიზია და მასზე დათანხმებას არ აპირებენ. 

მაგალითად, იაგი ხვიჩია აცხადებს, რომ ვაჭრობით დაიღალა და ახლა მისი მთავარი მიზანი მხოლოდ ამომრჩევლებზე ზრუნვაა. 

“მე მხარს არ დავუჭერ იმ ბარიერს, რამდენი ხმა და პროცენტიც მე არ ამიღია. ამის არანაირი მორალური უფლება არ მაქვს. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში ეს ცვლილებები ჩავარდება. ჩემი საზრუნავია ის, რომ 5%-იანი ბარიერიც რომ დააყენონ “ქოცებმა” ისიც გადავლახო შემდეგი არჩევნების დროს. ამათ მაიმუნობას და ვაჭრობას უბრალოდ ვერ ავყვები, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მირჩევნია საკუთარ თავზე და ჩემს ამომრჩევლებზე ვიზრუნო, ვიდრე ამათ ვეჯღანაო აქ,”- აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

“ქართული ოცნება” არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენისას საარჩევნო ბარიერის შესახებ ჩანაწერი გაიზარდოს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის თქმით, შეთანხმება მიღწეულია პრინციპზე, რაც 5%-ზე ნაკლებ ბარიერს ითვალისწინებს, ხოლო მისივე თქმით, 2 და 3 პროცენტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არაა.

მსგავსი თემები