“წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია 5 000-ს თითქმის, ერთდროულად 40-50-მდე ორსული არის ინფიცირებული” – თამარ გაბუნია

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, გასულ წელთან შედარებით, ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია. მათ შორის, გასულ წელს, ორსულებში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ორსულთა მხრიდან ვაქცინციის პროცესში ჩართვის მეტი აქტივობაა სასურველი. 

“ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო განსაკუთრებით სწრაფი. გასულ წელს, 2020 წელს, ჩვენ გვქონდა 1300-მდე ინფექცია ორსულებში და აქედან მხოლოდ ერთი იყო გარდაცვალების შემთხვევა. წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია 5 000-ს თითქმის. ერთდროულად, მიმდინარე პერიოდში 40-50-მდე ორსული არის ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0.3%, რაც საერთო სიკვდილობასთან შედარებით, ბუნებრივია დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ახალშობილის გარდაცვალებაც, რისი შემთხვევებიც ჩვენ გვქონდა.

რაც შეეხება ორსულების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია მიმდინარეობს, აქტივობა არის. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია ორსულებში ვაქცინაციით მოცვა. ჩვენ ვმუშაობთ ანტენატალური სერვისის მიმწოდებლებთან, იმისთვის, რომ მათ სწორი განმარტება მისცენ ორსულებს ვაქცინაციის თაობაზე. ჯერჯერობით, ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ ფაიზერის დოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ სინოფარმით ან სინოვაკით, შემდეგ დადგა ორსულობა და უკვე მეორე დოზაზე მათ მოგვმართეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ვაქცინა და ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ აცრილიყვნენ ფაიზერის ვაქცინით. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა არის სასურველი ორსულების მხრიდან,“ – აცხადებს თამარ გაბუნია. 

მსგავსი თემები