ოპოზიცია ამნისტიის შესახებ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა დასრულდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონმდებლები 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტს განიხილავდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება, ვინაიდან მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეს პროექტი არ პასუხობს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პირველივე დღეებში მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, ისინიც კი ადასტურებდნენ, რომ ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამებოდა იმ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც საფუძვლად დაედო შარლ მიშელის დოკუმენტს.

ამიტომ, ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი მხარის არდაჭერა ამ პროექტის მიმართ აბსოლუტურად შესაბამისობაში არის შარლ მიშელის დოკუმენტთან,” – განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

“ლელოს” წევრ შალვა შავგულიძის თქმით, აღნიშნული პროექტი ამნისტიის არსს ეწინააღმდეგება. 

“ეს ამნისტიის არსს ეწინააღმდეგება. ამნისტია არის ცალმხრივი ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან. ის კონკრეტულ დანაშაულებებზე ვრცელდება და ეს არ არის პერსონიფიცირებული, რომ კონკრეტულ პირს შეეკითხო. ეს რაღაც კვაზისაპროცესო შეთანხმებას ემსგავსება და არა ამნისტიას,” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

როგორც პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს და პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალის” წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, “ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი 19-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ემსახურება.

“ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია ამ საკითხზე, პოზიციის ცვლილება დამახასიათებელია “ქართული ოცნებისთვის”. “ქართული ოცნება” გრძნობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე განაჩენი გამოუტანა და ებღაუჭება ძალაუფლებას. მათ შორის ერთ-ერთი ეს ცვლილებაც ემსახურება იმას, რომ როგორმე მოისპოს სამართლებრივი მექანიზმები და პასუხისმგებლობა არ დადგეს იმ ადამიანების, ვინც თვალი დათხარა მოსახლეობას,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენების გამო პოლიტიკოსენიდან დაკავებული იყო პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში უცხოელი დიპლომატების და კონგრესმენების ჩარევის შემდეგ დატოვა.

მსგავსი თემები