„დღისით, მზისით, დილით, დაახლოებით 11 საათზე მივედი“ – გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრის დეტალებზე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მერიაში წარსულში კალაძისადმი პატივისცემის ნიშნად მივიდა.   

„ჩავთვალე, რომ ჩვენი წარსულის პატივისცემის ნიშნად მე ეს უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე. ვერ გაიგეს? მათი პრობლემაა. მე ამ პრინციპებით ვცხოვრობ და ამ პრინციპებით გავაგრძელებ ცხოვრებას. ადამიანურად, სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ორის, აი, ასეთი ღია ადამიანური საუბარი ვიღაც მესამე პირების ჭორაობის საგანი გახდა,“ – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი – გიორგი გახარია მასსა და კახა კალაძეს შორის თბილისის მერიაში შეხვედრის საჯარო განხილვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების მიერ. 

მისი თქმით, შეხვედრა დილით, საჯარო სივრცეში მოხდა და ამაში დასამალი არც არაფერი ყოფილა.

„მე დღისით, მზისით, დილით, დაახლოებით 11 საათზე, მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე, კალაძესთან – მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ გამეფრთხილებინა, რომ იმ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის არჩევნებში,“ – ამბობს გახარია.

როგორც მერობის კანდიდატი განმარტავს, ეს გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით.

„ჩემთვის ეს იყო უბრალოდ, პატივისცემა იმ თანამშრომლობის წლების, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს იყო და ეს! ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი,. რომ სწორედ გავაკეთე, სწორედ მოვიქეცი, თუმცა, როგორც ჩანს… ეს მხოლოდ ფასეულობების თემაა, ეს არის პრინციპების თემა, ზოგიერთს, ეს არ ესმის!“ – განაცხადა გახარიამ.
 
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე კახი კალაძის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომ მან ვერ გაიგო გახარიას მისვლის მიზეზი და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს მართლაც ზედმეტი იყო კალაძის მიმართ პატივისცემის აღნიშნული ჟესტი. 

„თუ ეს სიმართლეა არ ვიცი, მე ეს არ მინახავს, მაგრამ  რომ მოვდიოდი მითხრეს, თურმე კალაძეს უთქვამს – ვერ გავიგეო, რა უნდოდა, რისთვის მოვიდაო. სამწუხაროდ, ეს ნათქვამი მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი.“- განაცხადა გახარიამ. 

გიორგი გახარიამ აღნიშნა რომ თუ კახი კალაძემ მისი ვიზიტის მიზეზი ვერ გაიგო, ეს კახი კალაძის პრობლემაა. 

„ვიღაცისთვის შეიძლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემოფარგლულიყო… მე, უბრალოდ ჩავთვალე, რომ ჩვენი წარსულის პატივისცემის ნიშნად, მე ეს უნდა გამეკეთებინა და ეს გავაკეთე. ვერ გაიგეს? მათი პრობლემაა. მე ამ პრინციპებით ვცხოვრობ და ამ პრინციპებით გავაგრძელებ“ – აცხადებს გახარია.

მსგავსი თემები