“ოცნება” ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება, არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და დაიშლება ნაწილებად” – გიორგი გახარია

„ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ბრძოლას გავაგრძელებთ გამარჯვებისთვის. ოცნება ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება – ნებისმიერი შემდგომი არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და დაიშლება სხვადასხვა ნაწილებად. იქ ვნახავთ, ვინ იქნება უფრო ღირსეული იმისთვის, რომ შევუქმნათ კოალიცია“ – აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია.

მისი შეფასებით, ყველანაირი მოცემულობა არსებობს, რომ დადგეს სტატუს-კვო.

„როდესაც მმართველ ძალას არა აქვს საკმარისი რესურსი ღირსეულად, შესაბამისად მართოს ქვეყანა და მეორეს მხრივ, ოპოზიციას არა აქვს რესურსი, რომ ღირსეული ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, სხვა სტატუს-კვო დადგება. ოცნებაში, რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული ადამიანია. ოცნებამ დაკარგა ბმა იმ იდეალებთან, რისგანაც დაიწყო – აღარ არის! მაშინ იდეალი იყო ოცნება კარგ წარმატებულ საქართველოზე და დღეს იდეალი არის ძალაუფლების შენარჩუნება. და როგორ წარმოგიდგენიათ აი ეს ერთობა რამ შეიძლება შეკრას? ვერაფერი ვერ შეკრავს,“- ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი.  

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მიუღებელია რადიკალიზმი და ამის გამო ნაციონალურ მოძრაობას პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას არ შეუკრავს, თუმცა კოალიციის შეკვრას განიხილავენ იმ ძალებთან, რომლებიც ქართული ოცნების დაშლის შემდეგ გაჩნდება და ღირსეული იქნება.  


„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით რადიკალიზმი. ეს რადიკალიზმი ოცნებისეული იქნება თუ ნაცებისეული იქნება – ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში რადიკალიზმი ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამიტომ, მე ვთქვი, რომ თანამშრომლობა აქ ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ბრძოლას გავაგრძელებთ გამარჯვებისთვის. ოცნება, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება. ოცნება ნებისმიერი შემდგომი არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და, დიდი ალბათობით, დაიშლება სხვადასხვა ნაწილებად. იქ ვნახავთ, ვინ იქნება უფრო ღირსეული იმისთვის, რომ შევუქმნათ კოალიცია“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები