14 წლის წინათ, პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან, იმ პირების დაკითხვას ითხოვს, რომლებიც, მისი თქმით, მკვლელობის საქმის გამოძიების მთავარი გამყალბებლები იყვნენ და დღემდე არ დამდგარა მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი. მათ შორის ერთ-ერთი, ბექა ბეჟუაშვილი დღეს, ქალაქ ქუთაისის მთავარი პროკურორია.
სოსო რობაქიძე მთავარი პროკურატურისგან ჟურნალისტ მაკა რაზმაძის დაკითხვას ითხოვს, რომელიც 2013 წლის ჩვენებაში აცხადებდა, რომ გურამ დონაძემ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე არზებული ყველა მტკიცებულების განადგურების ბრძანება გასცა.
“ვიძახდი 10 წელი, რომ ხელაწეული მოკლეს ბუტა და დონაძე ამბობდა, რომ ის ორმხრივი სროლის დროს დაიღუპაო. ზოგჯერ მგონია, რომ დონაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამოწმებელია, არის ის საღ ჭკუაზე თუ არა. დონაძეს აქვს კიდევ ერთი დისკი, რომლითაც ის აშანტაჟებს პოლიციის მაშინდელ მაღალჩინოსნებს. მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ზაზა ბაქრაძე, რომელიც იმ დროისთვის იყო თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი. დონაძე ბაქრაძის შვილებს აშანტაჟებდა, მამაშენს გამოვაჩენ, თუ ჩვენ წინააღმდეგ რამეს იტყვისო. მას აქვს კიდევ დისკი, სადაც გადაღებულია რესპუბლიკის პატრულის უფროსი და ის თანამდებობის პირები, რომლებსაც ხვდებოდა და ესაუბრებოდა დონაძე. მოვითხოვ გამოაჩინოს ეს დისკები, თორემ დრო მოვა და თვითონ სასამართლო გამოაჩენს ამ ჩანაწერებს. ირაკლი ფირცხალავამ დაიწყო უკვე ხალხის ჩაშვება, ესეც დაიწყებს. ერთ-ერთი ასეთი გამყალბებელი ბექა ბეჟუაშვილი, რომელიც დღეს არის ქუთაისის მთავარი პროკურორი და, რომელიც ამ თანამდებობაზე “ქართული ოცნების” დროს დაინიშნა. ბექა ბეჟუაშვილი იყო ერთ-ერთი გამყალბებელი, მას ყველა ოქმზე აქვს ხელი მოწერილი, ბაშალეიშვილიც მისი დაკითხულია და პატრულის ყველა თანამშრომელიც. მინდა მივმართო პროკურატურას, მაინცა და მაინცა 100 ათასი ადამიანი უნდა დადგეს ქუჩაში, რომ ეს ადამიანი დაიჭიროთ და დაკითხოთ?” – განაცხადა სოსო რობაქიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, გურამ დონაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისას საქართველოში არ იმყოფებოდა.
“გუშინ გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა, რაც კი ბუტას საქმეს შეეხება ყველაფერი გაყალბებულიაო. მე მინდა მას ვუპასუხო, ექსპერტიზა ამ ვიდეოებს ამერიკაში ჩაუტარდა და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ვიდეო არის დამონტაჟებული. ეს ადამიანი აუცილებლად წავა ციხეში, მაგრამ უნდა რომ საზოგადოება დააჯეროს თითქოს უდანაშაულოა. ეს არის მატყუარა კაცი თავიდან ბოლომდე. იტყუება პირველივე დღიდან ბოლომდე”, – აცხადებს სოსო რობაქიძე.
აღსანიშნავია, რომ ბუტა რობაქიძე, 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა “პატრულის” ეთერში კი ითქვა, რომ რობაქიძე მაშინ მოკლეს, როცა პოლიცია “ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის წევრების დაკავებას ცდილობდა. რობაქიძის ოჯახის წევრები დღემდე ითხოვენ მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.