“მათი სიტყვები მეტად სანდო იქნება თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანენ” – კელი დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრემლის ასეთი გზავნილები ქართულ მხარეს ადრეც ბევრჯერ მოუსმენია.

დეგნანის შეფასებით, ლავროვის სიტყვები უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ამ განცხადებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა და ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების შეწყვეტა მოჰყვებოდა.

“კრემლის ასეთი გზავნილები ქართველებს არაერთხელ მოუსმენიათ. მათი სიტყვები მეტად სანდო იქნება თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანენ, უარს იტყვიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე. ასევე შეასრულებენ 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს. მე მათ მიერ წინ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ მინახავს,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ საქართველოს რუსეთთან ნორმალური ცხოვრება სურს, რუსეთი ამისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.

მსგავსი თემები