“აშშ მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის პასუხი აგოს” – ერთობლივი განცხადება

ჩვენ ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, კვლავ აიღოს ვალდებულება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ჭეშმარიტად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ ნათქვამია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-სა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„რუსეთის აგრესიამ, მათ შორის ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის დაპყრობამ, 14 000-ზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო ძალისხმევისთვის, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, საფუძველზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

„21 -ე საუკუნეში ქვეყნებს საზღვრების ძალით შეცვლის უფლება არ უნდა ეძლეოდეთ. რუსეთმა დაარღვია ეს ძირითადი წესი უკრაინაში. სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და აირჩიონ საკუთარი ალიანსები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის პასუხი აგოს. ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეები ასევე ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირი არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენი საერთო ღირებულებები და ერთგულება ევროპისადმი, რომელიც არის სრული, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი, წარმოადგენს საფუძველს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის, კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის პანდემიის საკითხებზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა.

მსგავსი თემები