საქართველოში შესაძლოა, კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს

მომდევნო 3-4 კვირაში, შესაძლოა, საქართველოში კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო კვლევებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კონკრეტული მედიკამენტის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ ჯანდაცვის უწყება მუშაობს ქვეყანაში მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შემოტანაზე.

„ბოლო პერიოდში აქტიურდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც კი გამოიყენება, თუმცა პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია.

„ვფიქრობთ, მომდევნო 3-4 კვირაში ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული პროგრესი. ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა ვმუშაობთ, რომ შეღავათიან ფასად შემოვიდეს საქართველოშიც“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: ევროკავშირმა, გაერთიანებული სამეფომ, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ, ინდოეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მედიკამენტი Ronapreve-ი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ოფიციალურად დაამტკიცა.

მსგავსი თემები