ეთნიკური უმცირესობები სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობენ – არნოლდ სტეპანიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი აცხადებს, რომ ენობრივი ბარიერისა და ინფორმაციული ვაკუუმის გამო, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ქვეყნის მოსახლეობის 20%-ის ხმებს კარგავს.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე არნოლდ სტეპანიანმა დღეს განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მოსახლეობა ფაქტობრივად სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობს, რაც დღეს არის დიდი პრობლემა და წარმოადგენს საშიშროებას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

​ამაზე მარტო ფიქრი კი არ არის საჭირო, არამედ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე ეთნიკური უმცირესობები უყურებენ სხვა ტელევიზიებს, ინფორმაციას ღებულობენ სხვა წყაროებიდან, სადაც აქტიურად მიმდინარეობს რუსული პროპაგანდა. ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა წლების განმავლობაში უყურებენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტელევიზიებს, საიდანაც ამბსოლუტურად იდენტური მესიჯები მოდის. რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზუგანოვი უფრო ცნობილია ამ რეგიონებში, ვიდრე ჩვენი მინისტრების უმეტესობა. აღარაფერს ვამბობ უკვე იმაზე, თუ რა პოლიტიკური პროცესებია იქ. ორი წლის წინ მქონდა შემთხვევა როცა, ამ რეგიონის მოსახლეობას პრეზიდენტი ისევ სააკაშვილი ეგონათ”, – აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.

მისივე თქმით, პრობლემაა, ასევე, გარკვეული სტერეოტიპების არსებობა, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები სიფრთხილეს იჩენენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ. მსგავსი განწყობა განსაკუთრებით აქტუალურია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების შემდეგ.

​” ძალიან კარგად მესმის ქართული საზოგადოების, ამ სიტყვაში საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ვგულისხმობ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის შემდეგ გარკვეული ტრავმა გვაქვს ყველას, რაც გამოიხატება უნდობლობაში. რა თქმა უნდა ეს დიდ როლს თამაშობს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. ძალიან პოპულარულია სიტყვა ინტეგრაცია, თუმცა პოლიტიკოსებს არ აქვთ კონკრეტული ხედვა, ფორმულა, თუ რა ტიპის საზოგადოებას ვაშენებთ, რა არის ინტეგრაციის საბოლოო პროდუქტი. კვლავაც იქ ვართ, 15 წლის წინათ, საიდანაც დავიწყეთ. საზოგადოებაში დისკუსია უნდა დაიწყოს იმაზე, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ – ფრანგული, თურქული, შვეიცარული მოდელის თუ სხვა”, – აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.

მისი თქმით, საჭიროა საქართველოს არაქართულ მოსახლეობას ჰქონდეთ სტიმული, რომ ისწავლონ სახელმწიფო ენა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ენის ცოდნა დაეხმარებათ, წარმატების მიღწევაში. მიეცეთ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ ბიზნესი ქვეყნის სხვა რეგიონებში, რომ მათ ინტერესში იყოს ქვეყანაში სტაბილურობა.

“რამდენიც გნებავთ მასწავლებელი გავგზავნოთ, შედეგი არ გვექნება, თუ იმ ადამიანებს სტიმული არ მივეცით. თუ ადამიანმა ვერ გაიგო, რომ ქართული ენის ცოდნა მას დაეხმარება იმაში, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს, რა თქმა უნდა არ ისწავლის. ეროვნულ უმცირესობებში უნდა გავაღვივოთ საქართველოს მიმართ  პატრიოტული გრძნობა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტერესშია სახელმწიფო ენის ცოდნა. ჩვენ ვთავაზობთ ვიფიქროთ ეროვნული უმცირესობების ეკონომიკურ სტიმულზე. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული ხედვა, თუმცა, მარტო არასამთავრობო სექტორის ძალებით ამას ვერ გავაკეთებთ, ამას სჭირდება სახელმწიფოს და ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა. ​ხშირად ვსაუბრობთ რეგიონში რადიკალებზე. იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონში ამინდს ქმნიან მივცეთ იმის საშუალება, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში გააკეთონ ბიზნესი, რომ მათ ინტერესში იყოს ქვეყანაში სტაბილურობა”, – აცხადებს “მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი.

 

მსგავსი თემები