პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების გადატანა-გადმოტანა ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც არჩევნების ჩატარების საკითხსაც ეხება. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა.

„მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული, თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები