ვაქცინირებული ადამიანებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგემება

ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაიკეთებე, სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებში ჩაერთვებიან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა შეთავაზებებს გეგმავენ.  

„სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ მეტი აცრილი ადამიანი გვყავდეს. აგვისტოში, აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე გავალთ, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან სწორედ აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება აცრილების წახალისებას, მისივე შეფასებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს.   

„ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა საბჭოს, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები“ – აღნიშნა გამყრელიძემ

მსგავსი თემები