არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკოსებს, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ და რეალურად აქვთ სათანადო ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს აწუხებთ. ასევე, მოსახლეობა არ იცნობს პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, სადაც უმეტესად არაფერია ნათქვამი ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაზე.
როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე არნოლდ სტეპანიანმა დღეს განაცხადა, ეროვნული უმცირესობების პრობლემებში, ამ წლების განმავლობაშ არაფერი შეცვლილა. ძირითად გამოწვევად რჩება ქვეყნის მშენებლობის პროცესში თანამონაწილეობა, სახელმწიფო ენის არცოდნა, ინფორმაციული შიმშილი, რადგან უმცირესობებს არ აქვთ ინფორმაცია, იმისთვის, რომ გააზრებული არჩევანი გააკეთონ.
”ადამიანი თუ არ ფლობს ინფორმაციას, რამდენად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი პოლიტიკური არჩევანი. პოლიტიკური პარტიები შედიან სხვათა შორის რეგიონებში, არსებობს კონკურენცია, ამით დემოკრატიის ხარისხიც მაღალია, მაგრამ ვთხოვთ “ქართულ ოცნებას”, რომ წინა ხელისუფლების შეცდომას ნუ იმეორებენ. წინა ხელისუფლების დროს, პარტიები მუშაობდნენ ცალკეული ძლიერი ჯგუფების მეშვეობით. სოფლებში არ დადიან, ხალხს მასობრივად არ ელაპარაკებიან, შერჩეული ჰყავთ ძლიერი ადამიანები და ამ მედიატორების საშუალებით საუბრობენ მოსახლეობასთან. ასე მოსახლეობამდე სხვანაირად მიდის ინფორმაცია და ამა თუ იმ კანდიდატს, მხოლოდ იმის გამო აძლევენ ხმას, რომ ვიღაცამ სთხოვა”, – აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.
პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს რაც შეეხება, როგორც “მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, მათ პროგრამებს არ იცნობს, თუმცა უმცირესობების პრობლემების მიმართ ყურადღებით მეტ-ნაკლებად 4 კანდიდატი გამოირჩევა: სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი.
“ორი დღის წინ გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტობის ორ კანდიდატთან – ბაქრაძესა და ნათელაშვილთან და არჩევნებამდე გვექნება შეხვედრები უსუფაშვილთან და ზურაბიშვილთან. პრეზიდენტობის კანდიდატებთან საუბარი ძირითადად გვაქვს სოციალურ პრობლემებზე, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაწუხებს. სპეციფიური პრობლემა არის ქართული ენის არცოდნა და სახელმწიფო მართვის პროცესში მონაწილეობა”, – აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.
მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 20 % დღესაც არ არის ქვეყნის მმართველობის პროცესის თანამონაწილე. ეს ეხება თითქმის ყველა სახელისუფლებო შტოს. “ვკარგავთ ამ რესურსს. თუნდაც ჯარზე რომ ვისაუბროთ, ჯარისკაცების 20 %-ს ქვეყანა კარგავს, ეს არის დიდი პრობლემა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რასაც მივესალმებით”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.