“ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართულმა ჯარმა ღირსეულად იმსახურა და აქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მისიას დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია. 

“ჩვენი 32 გმირი სამხედრო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ძალიან ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო მისიებში, ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო აქტიურად არის ჩართული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ტრანზიტული ფუნქციის შესრულების საკითხში.

უკვე, დაახლოებით, 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტულად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოს და აშშ-ის მთავრობის თანამონაწილეობით.

ამას გარდა, ჩვენ თხოვნით მოგვმართეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დონორმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, რომლებიც, უკვე წლებია, ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას განვითარებაში და ამ მიმართულებით დიდი დამსახურება და წვლილი მიუძღვით.

ამას გარდა, მომართვა იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისგან, რომელიც ზოგადად ცნობილია, როგორც აშშ-ის დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია. ჩვენ მათი თანამშრომლების დროებით რელოკაციაში, გადმოყვანაში დავეხმარეთ უკვე რამდენიმე ათეულ ადამიანს. ეს პროცესი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ხორციელდება. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობის და ამას გარდა, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული პარტნიორი აშშ-ის, ევროპის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები