თბილისის კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან და ანჩისხატის ტაძრის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მეფე დაჩი უჯარმელის სახელი მიენიჭა. თბილისის საკრებულომ ანჩისხატის ისტორიის მკვლევარის, ზაზა ნანობაშვილის თხოვნა განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მიიღო.
როგორც ჟურნალისტი და მსახიობი მაია კახიძე, ფეისბუქჯგუფში – “მე თბილისი მჭირს” წერს, სამომავლოდ იგეგმება, ამ დიდი მეფის სახელი დაერქვას – მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილს, მოედანს და სკვერს.
ასევე, თბილისის მერიას მიმართეს თხოვნით, იმავე ქუჩაზე დაიდგას მეფე დაჩის განსაკუთრებული ბარელიეფი ისტორიის შემცველი მონუმენტალური დაფა. ღონისძიება ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავს მიეძღვნება. დედაქალაქის ეს პირველი ტაძარი მეფე დაჩის აშენებულია.
დაჩი უჯარმელი ვახტანგ გორგასლის შვილია. იგი პირველი მეფეა, რომელიც დედაქალაქ თბილისში იჯდა სამეფო ტახტზე.
„დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად; მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამ წმიდის ეკლესია (დღევანდელი ანჩისხატის ტაძარი)“, – წერს მაია კახიძე სოციალურ ქსელში.