უვიზო მიმოსვლის ნებართვა 7 ევრო ეღირება

ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესებში ცვლილება შედის. თუ დღემდე უვიზო მიმოსვლისთვის გადასახადი არ არსებობდა, ახალი პროცედურებით, ნებართვის მიღება 7 ევრო ეღირება. შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა დღეს მიაღწიეს.

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად, ონლაინ ანკეტის შევსება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ.

„ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაცია სამი წლის ვადით გაიცემა“, – განმარტებულია პრესრელიზში.

ანკეტაში მითითებული ინფორმაციის საეჭვობის შემთხვევაში, მას დამატებით გადაამოწმებენ. ამ შემთხვევაში, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი, ანუ ოთხი დღე იქნება.

პირველ ეტაპზე, ევროპაში მოგზაურობის ნებართვის მიღება იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, ვინც თვითმფრინავით ან გემით მგზავრობს. სამ წელიწადში კი იგივე მოთხოვნები გავრცელდება ავტობუსით მოგზაურებზეც.

მსგავსი თემები