“გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც მარცხის წინასწარი აღიარებაა” – ირაკლი კობახიძე

ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს.

“ეს არის არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულება, ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან, 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამჯერადაც დაიწყო ნინო ლომჯარიამ და შემდეგ გააგრძელა „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ ეს კამპანია. ნიშანდობლივია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც არის კარს მომდგარი. ეს იკითხებოდა 2020 წელსაც, როცა ეს კამპანია გახსნა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, დღესაც ერთიანად გაიხსნა ეს კამპანია და ეს გახსნა ნინო ლომჯარიამ, შემდეგ ამას აჰყვა „ნაციონალური მოძრაობა” თავის სხვადასხვა განშტოებით, ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა, ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და უნდა აჩვენონ საზოგადოებას თუ რისი რესურსი აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და სწორედ ამიტომ წამოიწყეს მათ კამპანია არჩევნების გადადების თაობაზე.

„ოპოზიცია არის დასუსტებული, ამას ბუნებრივია, თვითონვე გრძნობენ და აქედან გამომდინარე თითოეული პარტიას, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აწყობს არჩევნების გადადება და სწორედ ამის შედეგია ის კამპანია, რომელიც დღეს მათ წამოიწყეს, თუმცა, ეს არის სუფთა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია და მას არავითარი საფუძველი არ აქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ მათ, რომ შეეგუონ მარცხს და მოემზადონ არჩევნებისთვის, რომელიც სავარაუდოდ, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მათ გარკვეულ მანდატებს მოუტანს”, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები