სემეკის თავმჯდომარემ ყვარლის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქ. ყვარელის მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი შეფასებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა კომისიის წევრი და ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი. სემეკის თავმჯდომარემ მოქალაქეებს გააცნო კომპანიების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე კომისიის რეაგირების მექანიზმები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები, სხვადასხვა სიახლეები და მომსახურების მიღების გამარტივებული პროცედურები. „მომხმარებელთა უფლებების დაცვა სემეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 ჩვენ, საჯარო სხდომებზე ხშირად განვიხილავთ მოქალაქეთა საჩივრებს კომპანიების წინააღმდეგ. კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევებზე სემეკი მკაცრად რეაგირებს.

ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უფლებების დარღვევის ფაქტები, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის კომუნალური მომსახურების მიღება. პანდემიის პირობებში სპეციალურად მომხმარებლებისათვის შევიმუშავეთ არაერთი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიებთან დისტანციურ კომუნიკაციას. ეტაპობრივად მივყვებით მომხმარებელთა მოთხოვნებს და ვახორციელებთ ახალ პროექტებს “, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა *303#-ის მომსახურების შესახებ. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.

მსგავსი თემები