„გუდაური ახალ ტურისტულ სეზონს მზადყოფნაში უნდა დახვდეს”- შალვა კერესელიძე

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გუდაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გუბერნატორმა მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა. შალვა კერესელიძემ  ახალი ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოისმინა.

გუბერნატორის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუდაური, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი ახალი ტურისტული სეზონის დაწყებას მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს.

„აქ ჩამოსულ ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა შესაბამისი პირობა უნდა შევუქმნათ. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ახალი გუდაურის გზის რეაბილიტაციისა და კობი-გუდაურის საბაგირო ტრასის სამშენებლო სამუშაოები, სწორედ ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რათა გუდაური ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველად  ვაქციოთ“ – განაცხადა სამუშაო შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ.

განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებზე გაკეთდა. დაიგეგმა  სამუშაოები, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

მსგავსი თემები