საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან გამოიყვანეს 

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.  

შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავღანეთი უსაფრთხოდ  დაეტოვებინათ.  საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

“პირველივე დღიდან, როცა გადაწყდა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია ჩავერთეთ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც წარმატებით დასრულდა დღეს და ჩვენი 16 თანამოქალაქე დაუბრუნდა ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსათვის და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. მე ვახსენე უკვე, რომ ეს იყო საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები, ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. მთავარი არის ის, რომ მიზანი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეები თბილისში არიან”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. 

მისი თქმით, ქართული მხარე ოფიციალურად იყო კავშირზე მეგობარ ქვეყნებთან და საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა ოფიციალური გზებით ხდებოდა.

“რამდენიმე ქვეყანა გამოიარეს და ყველგან სათანადო მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე საგარეო უწყების და საკონსულო სამსახურების მხრიდან”,-განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. 

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

მსგავსი თემები