ქართველი გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში საქართველოს აცოცხლებს

 

ესაუბრა ეკა გულუა 

აზია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნაი, ინდონეზია, ტაილანდი – ეს იმ ქვეყნების მცირე  ჩამონათვალია, სადაც საქართველოზე მღერიან, ქართველებს და საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებისგან გამოარჩევენ, საქართველოს კულტურასა და ტრადიციებზე ლეგენდებს ყვებიან და რაც მთავარია, ინვესტიციებს სწორედ ამ ქვეყანაში მოაქვთ.  ეს ყველაფერი კი ერთ პატარა სტუდენტ გოგონას უკავშირდება, რომელიც წლების წინ სასწავლებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა, თუმცა, თავის ქვეყანაზე არანორმალურად შეყვარებულმა ტურისტული კავშირები აზიასთან პირველად დამყარა, აზიელები საქართველოში პირველად შემოიყვანა და უფრო მეტიც, ამერიკელი მეუღლეც  ისე გააქართველა, საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია.

პროფილი „მთავარზე“ იმ სასწაულ ამბებს გაგაცნობთ, რომელიც, ერთ დროს, პატარა სტუდენტ გოგონას და მის საქართველოსთან კავშირებს უკავშირდება.

———————–

ვინ არის თიკა სვანიძევანკო?

თიკა 21 წლის იყო,  როცა საქართველო დატოვა და სასწავლებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა. 8 წელი იქ იცხოვრა, დაამთავრა უნივერსიტეტი (ტურიზმისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი)  და მუშაობა  ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში გააგრძელა. თავიდან დიდი ჰოლანდიური ჯგუფები მოსკოვსა და პეტერბურგში დაჰყავდა, თუმცა, ამ ქვეყნებზე საუბარს მალე ასრულებდა და ტურისტებს საქართველოს აცნობდა.

„იმდენად ვიყავი საქართველოზე მონატრებული, 20 წუთის განმავლობაში კრემლსა და მოსკოვის სხვა მნიშვნელოვან ადგილებზე უნდა მომეყოლა ტურისტებისთვის, თუმცა,  ავტომატურად, გადავდიოდი საქართველოზე,  როგორც საბჭოთა კავშირის ქვეყანაზე და  მოყოლას საქართველოზე ვაგრძელებდი. ტურისტები იმდენად აღფრთოვანებულები რჩებოდნენ საქართველოზე საუბრით, 9 დღიანი ტურები რომ სრულდებოდა, მეკითხებოდნენ საქართველოში ტური იყო თუ არა, დიდი სიამოვნებით ითხოვდნენ წამოსვლას.  მაშინ საქართველოში ტურები არ იყო და ამ იდეის განხორციელება გონებაში დამიჯდა. თან ვფიქრობდი, რუსეთი რომ ასე მოსწონთ, საქართველოზე რა დაემართებოდათ. ასე ჩაეყარა საფუძველი ჩემს ტურისტულ კომპანიას“ – უყვება თიკა სვანიძე „მთავარს“.

დაახლოებით ერთ წელიწადში, 2000 წელს  ასე დაიგეგმა საქართველოში პირველი ტურისტული ჯგუფის შემოყვანა.

„პირველი ჯგუფი ბუნებრივია საქართველოში დავგეგმე. ამ პერიოდში გავიცანი მეუღლეც. ჩემს კომპანიას ვთხოვე, ტურისტებისთვის საქართველოც შეგვეთავაზებინა. თუმცა, მათთვის საქართველო იგივე რუსეთი იყო და არ დააინტერესათ, თუმცა, მითხრეს რომ გამომეყენებინა  მათი რესურსი და ამ  მიმართულებით მემუშავა. „მხარს გიჭერთ და შეგიძლია საქართველო შენი კომპანიით დაგეგმო-ო“ – გვიყვება თიკა.

თუმცა, საქართველოში ტურისტების შემოყვანამდე, მან დასვენებისთვის   ცოტა, შვებულება ითხოვა და დასასვენებლად ბარსელონაში გაემგზავრა. გზად კი მომავალ მეუღლეს „გადაეყარა“.

————————————–

სიყვარული მატარებელში

„დავგეგმე ტური ბარსელონაში. ამსტერდამიდან  მატარებლით მივდიოდი. ძალიან დიდი ჩემოდანი მქონდა, მატარებელში არავინ იყო, სითავისუფლე იყო და რადგანაც ჩემი დიდი ჩემოდანი ვერსად მოვათავსე, სადაც დავჯექი, სკამების წინ დავდე და 4 ადგილი დავიკავე. უხერხული კი იყო, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდებოდა დაჯდომა, მერე ავიღებდი. მატარებელი დაიძრა თუ არა, იმდენად დაღლილი ვიყავი, ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, უკვე ბოლო გაჩერება იყო. თურმე, ჩემი მომავალი მეუღლის ადგილი მქონდა დაკავებული და რადგან ადგილი აქ არ იყო, საპირისპირო მხარეს დამჯდარა. თვალები რომ  გავახილე, ვხედავ, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი მიცინის. ალბათ ფიქრობდა ეღირსა გაღვიძება-ო. ჩემს ჩემოდანს ჩემი სამსახურის სტიკერი ჰქონდა მიკრული და მკითხა კულტურული დასვენებიდან მოდიხართ-ო? ვიფიქრე, რომ  ამ ახალგაზრდამ მეც და ჩემი ჩემოდანიც  კარგად შეგვათვალიერა. ისე, ძალიან წუნია ვიყავი და ჩემი მოსაწონი მამაკაცი არავინ იყო.  ის ახალგაზრდა კი მომეწონა. ვუთხარი რომ ეს ჩემი სამსახურეობრივი საქმეა და ამ კი კომპანიისთვის ვმუშაობ. გამომკითხა სად დამყავდა ტურისტები და ასე შემდეგ. ასევე მკითხა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი.  საქართველო რომ ვუხსენე, გადაირია, არ არსებობს, მართლაო? ვკითხე თუ  რატომ გაუკვირდა საქართველოს ხსენება. მიპასუხა, 1 თვის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიყავი, საქართველოში მოგზაურობაც მინდოდა, თუმცა, ვიზა არ მქონდა და შენმა ლამაზმა ქვეყანამ საზღვარზე არ შემიშვა-ო“ – უყვება თიკა „მთავარს“.

რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს და „ის“ ახალგაზრდა  მამაკაცი საქართველოში დაგეგმილ ტურისტულ ჯგუფშიც ჩაეწერა.

„ჰოლანდიურად ვსაუბრობდით და ასეთი საინტერესო ჰოლანდიელი მამაკაცი ჰოლანდიაში 8 წლის განმავლობაში არ შემხვედრია. დარწმუნებული ვიყავი, ამსტერდამიდან იყო. მითხრა ამერიკელი ვარო. ეს იყო პირველი ამერიკელი, ვინც გავიცანი და მომეწონა კიდეც. სულ 10 წუთი გვქონდა კომუნიკაცია. წავედი ბარსელონაში, დავბრუნდი, 3 კვირის მერე დამირეკა და დაიწყო რომანი. სულ 3 შეხვედრა გვქონდა და 1 წელიწადში დავქორწინდით“ – იხსენებს თიკა.

როგორც თიკა გვიყვება, მის ამერიკელ, მაგრამ შემდგომში   გაქართველებულ მეუღლეს   ოფიციალურად 12 მეგობარი გოგო ჰყოლია, თუმცა, ქართველმა ისე მოხიბლა, მასთან ჯვრისწერაზე დიდხანს არ უფიქრია.

„მან აღნიშნა, რომ ის, რაც მე არასდროს მიგრძვნია, არასდროს არავისთან მინახავს, ეს ხარ შენ და ეს არის ქართული-ო. რადგანაც მე შუვუყვარდი, ყველაფერი ქართული შეუყვარდა. როგორც მე მიმიღო მისად, ასევე მიიღო საქართველოც თავის კუთხედ“, – გვიყვება თიკა.

„სანამ მეუღლე გავხდებოდი, რომში დამპატიჟა, ჩვენი ახალი ურთიერთობა იქ აღვნიშნოთ-ო. მერე მითხრა, რომ ოჯახში უნდოდა ჩემთან მოსვლა და ხელის თხოვნა. ზვოლეში ჩემს მშობლებთან ჩამოვიდა სტუმრად. ამის შემდეგ მე საქართველოში მიწევდა ჩამოსვლა, რომ ტურისტების ჩამოსაყვანად ყველაფერი – წესრიგი, ავტობუსები, სასტუმრო უნდა შემემოწმებინა. ამ ტურზე საქართველოში ისიც წამომყვა. დავათვალიერებინე ყველაფერი, ავიყვანე მცხეთაში. ჯვრის მონასტერში  რომ შევიდა, გაგიჟდა და მაშინვე თქვა, ჩვენ ჯვარს მხოლოდ აქ დავიწეთო.  ეს მომენტი  ჩემთვის დღემდე ემოციურია და ცრემლებს ვერ ვიკავებ“ – ყვება თიკა და ცრემლები ამჯერადაც მოადგა.

წყვილს 3 ვაჟი ჰყავს და საქართველოზე გადარეული მშობლების მსგავსად ისინიც ანალოგიურად არიან ჩართულები ქართულ საქმეებში.

„3 წელიწადში გვეყოლა, გიორგი, ლევანო და თემო. ჩემი მეუღლის სურვილი იყო, შვილებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელები დარქმეოდათ. ვერც კი წარმომედგინა, ბავშვისთვის არაქართული სახელი დამეძახა, მაგრამ მისგან მოულოდნელი იყო. ამბობდა, იმდენად უნიკალურად ჟღერს ქართული სახელი, ყველა იკითხავს საიდან არიან და ბავშვის სახელს რომ გაიგებენ, გაიგებენ საქართველოზეც და  ქართველ დედაზეცო. თან, ისეთ სახელებს ვარჩევდით, ჰოლანდიაში რომ არ გადაეკეთებინათ და ქართულად დარჩენილიყო.  მაგალითად, ლუკა ქართულია, მაგრამ იქ ლუკასი იქნებოდა და ასეთი არ გვინდოდა, რომელსაც დაბოლოებას დაუმატებდნენ და ქართული ვერ დარჩებოდა. მეუღლეს უნდოდა, ქართული ყოფილიყო და ქარულად იჟღეროსო“, – იხსენებს თიკა.  

„თიკა-ტურის“  მიმართულება კავკასია,  კერძოდ კი  საქართველოა.   პირველი ჰოლანდიელი ტურისტები საქართველოში სწორედ მან შემოიყვანა.  როგორც თავად ამბობს, რასაც საქართველოსთვის აკეთებს, ეს ის საქმეა, რაც მას ნოსტალგიას უხსნის.

„ჰოლანდიელი ტურისტები საქართველოში პირველად შემოვიყვანე.  ჩემი საქმიანობა არის ის, რაც მე ნოსტალგიას მიხსნის. საქართველოსთან მუდმივ კავშირში ვარ. ყოველთვის, სულ საქართველოს ირგვლივ ვტრიალებ. იმდენად მუდმივ კავშირში ვარ ჩემს სამშობლოსთან, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მე აქ არ ვარ. სინგაპურში რომ ჩავედი, აზიისთვის საქართველო და კავკასია საერთოდ არც იყო ცნობილი. სინგაპური, ინდონეზია, მალაიზია, ბრუნაი, ტაილანდი ის ქვეყნებია, რომელიც ჩემმა კომპანიამ შემოიყვანა პირველად საქართველოში და საქართველო გააცნო. ამ ქვეყნებში საქართველოს შესახებ არაფერი იცოდნენ. მოვახერხე ის, რომ აზიამ დაიწყო კავკასიაში შემოსვლა. თუ ადრე მარტო ჰოლანდია და ევროპა ირჩევდა საქართველოს და 10-14 დღიან ტურს იღებდნენ, აზიიდან  ტურისტების შემოყვანა აქტიურად დავიწყე“, – გვიყვება თიკა.

2008 წლის აგვისტოს ომი, ბუნებრივია, საქართველოსთვის  ტურისტულადაც დამაზიანებელი აღმოჩნდა, ყველაფერი გაჩერდა.   მიუხედავად ამისა, თიკამ საქართველოსთან კავშირები სხვა მიმართულებით ააწყო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კერძოდ, საუბარია საგანმანათლებლო კავშირებზე.

„ჩემი დედამთილი იყო ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი და ვიფიქრე, ეს შესაძლებლობა საქართველოსთვის დადებითად გამომეყენებინა. დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამები  უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, პროფესორების ჩამოყვანა და  სტუდენტების გაცვლითი პროგრამები. ასევე, დავიწყეთ საქართველოში  მომსახურების სერვისების გათანამედროვება და შემოვიტანეთ მაღალი დონის სეგმენტი მომსახურების სფროში ტურისტებისთვის“ – გვიყვება თიკა.

მთავარი“:  ჩვენი ინფორმაციით, თქვენ არა მხოლოდ ტურისტები და ინვესტორები, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი გყავთ საქართველოში  ჩამოყვანილი, რომელთათვის არსებული სერვისები მიუღებელი იყო

თიკა სვანიძე:  დიახ, დიახ, ასეა. ძირითადად შემომყავდა ცნობადი სახეები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ასევე ინვესტორები. იყვნენ ისეთების, რომლებიც საიდუმლოდ იყვნენ ჩამოსულები და არ შემიძლია მათი დასახელება.  ჩამოვიყვანე მილიონერები და შესაბამისი სერვისები იყო მათთვის საჭირო, თავისი ვერტმფრენებით. ბუნებრივია, მას არსებულ სტანდარტს ვერც შევთავაზებდი და საჭირო გახდა ამ სერვისების ადგილზე განვითარება.

ჩემი კომპანია რითია განსხვავებული და ყველაზე უნიკალური –  ჩემი მიზანი ტურისტის მხოლოდ შემოყვანა კი არ არის, არამედ, ნახოს, დაინტერესდეს, მოეწონოს, აღფრფთოვანდეს, ფოტო გადაუღოს და გაავრცელოს მის უმაღლესი დონის გარემოცვაში. მანაც ის განიცადოს რასაც მე განვიცდი და მისი გადაცემულით სხვებსაც განაცდევინოს და დააინტერესოს საქართველოთი.  როცა ის შეიგრძნობს, ეს ძალიან დიდი რეკლამაა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი სინგაპურში ცხოვრების დროს არაერთ ბიზნესმენთან დავმეგობრდით. მათ საქართველო იმდენად შევაყვარეთ,  საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილიც გამოთქვეს. არაერთი ინვესტორი გვყავს შემოყვანილი, ვიყიდეთ გოგირდის აბანოები, რომელიც საშინელ დღეში იყო, სულ აგურ-აგურ გავარემონტეთ და დავუბრუნეთ ავთენტური სახე. ასევე, რესტორანი „მარანი“, სადაც ადრე მატყლის საჩეჩი იყო და ძალიან ცუდი პირობები. კახეთში ჩვენი შატოც გავაკეთეთ და მუზეუმად ვაქციეთ, რომ იქ სტუმრები ჩავიყვანოთ და ყველაფერი ვაჩვენოთ – ჩურჩხელის ამოვლება, შოთის ჩაკვრა და სხვა ტრადიციები. ეს აუცილებელია, რომ ტურისტმა ნახოს და განიცადოს ყველაფერი ჩვენი ავთენტიკური და ძველი ტრადიციები. ერთია, რომ საქართველოში ჩვენ შემოვედით ჩვენი ინვესტიციებით და მეორე – შემოვიყვანეთ სხვა ინვესტორები“.

—————————————————-

შვილები საქართველოში თავშესაფრებს პატრონობენ

რაც შეეხება ქართულ-ამერიკული ოჯახის სამ არასრულწლოვან ვაჟიშვილს, ისინიც მშობლების მსგავსად საქართველოშიც და ჰოლანდიაშიც ქართულ საქმეს აკეთებენ. კერძოდ, მზრუნველობა აიღეს თავშესაფრებზე, რომლისთვისაც ყველაფერს აკეთებენ.

თიკა: „ბავშვებთან დაბადებიდანვე ერთი სიტყვა არ მითქვამს სხვა ენაზე. სულ ქართულად ვესაუბრები და მეუღლეც მომხრე იყო, რომ ქართულად ესაუბრათ. როცა საქართველოში 3 თვით ჩამოვდიოდი, გადავაბამდი და 6 თვე ვრჩებოდი, ვერ მივდიოდი. ბავშვებსაც რომ გეკითხათ, ამბობდნენ რომ ქართველები იყვნენ, საქართველოდან. თავისუფლად საუბრობენ ქართულად. აქ რომ ჩამოდიან და მოგზაურობენ, ხედავენ პრობლემებს, საჭიროებებს და აქვთ იდეები, რა კარგი იქნებოდა „ამის“ გაკეთება, იმის გაკეთება. სულ ფიქრობენ, რა შეიძლება საქართველოსთვის გააკეთონ“.

უფროსი შვილი გიორგი 12 წლის იყო, როცა აიკვიატა საქართველოს დახმარებოდა. რჩევა  კი დედას ჰკითხა –  რა სჭირდებოდა მათ ქვეყანას.

„როცა კახეთში ჩამოვედით, ვიკითხეთ, ხომ არ იყო რამე პრობლემური თემა და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენთან სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზე იყო სათნოების სახლი, რომელსაც 24 ბენეფიციარი ბავშვი ჰყავდა. წავედით, გიორგუნამ კითხვები ჩამოწერა, რაც უნდა ეკითხა. ჰკითხა 3 რამ დაესახელებინათ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. პირველი იყო წყალი, წყალი არ ჰქონდათ და ყიდულობდნენ. მეორე – სახურავი, წყალი ჩასდიოდათ და მესამე – სარეცხის მანქანა.

დავბრუნდით თუ არა ჰოლანდიაში, გიორგიმ ჩამოაყალიბა ფონდი  „დავეხმაროთ საქართველოს“. გიორგუნა სწავლობს ამსტერდამის ინტერნაციონალურ სკოლაში და ამ სკოლასაც სთხოვა დახმარება, გაგიჟდნენ ემოციისგან.  საკმაოდ მდიდარი სკოლაა ჰოლანდიაში და ინტერნაციონალური, ინტეგრირებულები არიან, გაჭირვებულ ქვეყნებს დაეხმარონ. ძალიან გაუხარდათ, მიესალმნენ ამ იდეას და უთხრეს რომ ხელს შეუწყობდნენ. ვეხმარებით შენთან ერთად საქართველოსო“ – იხსენებს თიკა.

გიორგის ამსტერდამელმა მეგობრებმა გიორგის იდეა აიტაცეს, სკოლამაც ხელი შეუწყო, პრეზენტაციის ჩასატარებლად 500 ადგილიანი თეატრის დარბაზიც დაუთმეს და ყველანაირი პირობა შეუქმნეს, სათნოების სახლთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაეტარებინა. პრეზენტაციაზე კი ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც მიიწვიეს.  პრეზენტაციიის დასრულების შემდეგ  კი საქართველოს დასახმარებლად გარკვეული თანხა ადგილზე მოაგროვეს. შემდეგ კი გიორგიმ, მეგობრების დახმარებით კლუბიც ჩამოაყალიბა, რომელშიც 20 ბავშვი ჩაეწერა. თითო ბავშვის ვალდებულება მინიმუმ 300 ევროს მოგროვება იყო. ასე შეგროვდა 11 000 ევრო, რომელიც საქართველოში, კონკრეტული პრობლემის  მოსაგვარებლად გაიგზავნა. ამ თანხით კი სოფელ ბროწლიანის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა სახლს  დღეს საკუთარი ჭაბურღილი აქვს. მოგვიანებით გიორგისგან საჩუქრად სარეცხი მანქანაც მიიღეს. ამჯერად კი თანხის შეგროვება სახურავის შესაცვლელად გრძელდება. ამ ეტაპისთვის კი მოგროვილია 5 000 ევრო.

რაც შეეხება თიკასა და რობის მეორე და მესამე შვილებს 12 წლის ლევანისა და 11 წლის თემუკას, ძმებმა გიორგის მონდომება და წარმატება რომ ნახეს, მათაც გამოხატეს  სურვილი, სათნოების სახლებზე მზრუნველობა ეტვირთათ.

„როგორც გავარკვიეთ, კახეთში 7 სათნოების სახლი ყოფილა. ბიჭებმაც გამოთქვეს სურვილი, მათ დახმარებოდნენ. ლევანიკომ აიღო მეორე სათნოების სახლი წნორში. ბევრი რამ მოაგროვა უკვე. თემუკამაც გამოთქვა სურვილი. შევთავაზე ძმებს, ლევანის და თემუკას  ერთად ეზრუნათ ერთ სახლზე, მაგრამ უარი მითხრეს, ცალკე უკეთესია, ამ შემთხვევაში, 3 სახლს დავეხმარებითო. როცა ოქტომბერში ჩამოვალთ საქართველოში, ვიცით, მესამე სახლიც, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ“, – უყვება თიკა „მთავარს“.

———————————

აფხაზეთის დღეები  ჰოლანდიაში

ნიდერლანდების სამეფოში, 4-6 ოქტომბერს, აფხაზეთის დღეები სახელწოდებით „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ იმართება. ღონისძიებას კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და მისი ორგანიზატორი “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის” დამფუძნებელი  თიკა სვანიძე-ვენკოა. როგორც თიკა „მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, მისთვის აფხაზეთი დიდი ტკივილია, აფხაზეთის დღეები კი აფხაზეთის შესახებ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინებს.

 

„ეს ჩემთვის იმდენად დიდი ემოციაა, ვერ გადმოგცემთ. აფხაზეთი ჩემი ძალიან დიდი ტკივილია. ბავშვობა გაგრაში მაქვს გატარებული და ვიტანჯები, რომ ჩემი შვილები იქ ვერ მიმყავს. ამ დღის სლოგანია „დავიბრუნოთ ერთმანეთი“. ჩემი მიზანია, აფხაზეთის თემით ცნობადობა  გავზარდოთ არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ, პრობლემა გავხადოთ ცნობილი და აქტუალური. უკვე დამიკავშირდნენ საბერძნეთიდან, გერმენიიდან, ესპანეთიდან რომ ეს დღეები ყველგან ჩავატაროთ. პატრიარქის კურთხევა გვაქვს. წარმოდგენილი იქნება ქართული სამოსელი აფხაზეთის თემაზე, ქართლი ღვინო, აფხაზი მხატვრების გამოფენები, აფხაზეთის მუსიკალური და ხელოვნების სკოლა. ერთი სიტყვით, გაცოცხლდება აფხაზეთი. ასევე აფხაზეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ჩაეყრება საფუძველი. იქნება „ჯერმან ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა, რომელიც აფხაზეთიდანაა, ასევე, „რუსთავის“ რამდენიმე სოლისტი, შესრულდება აფხაზური ცეკვები და სიმღერები“.

მთავარი“: რას გაძლევთ ეს ყველაფერი თქვენ?

თიკა სვანიძე-ვანკო: მაძლევს იმას, რომ მალე გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ბევრმა იცოდეს, რომ აფხაზეთი არის საქართველო და არა რუსეთი.

——————————

ქართლის დედა“  ინდონეზიაშისაელჩოების ფესტივალი ჰააგაშიპრეზენტაციები ბალის მეფედედოფალთან

ეს იმ ღონისძიებებისა და ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც თიკა სვანიძე-ვანკომ საქართველო გააცოცხლა და საქართველო შეაყვარა.

ჰააგაში გამართული საელჩოების ფესტივალზე ყველა ის ღირსშესანიშნაობა ჰქონდა წარმოდგენილი, რითაც დღემდე ქართველები თავს ვიწონებთ და ვამაყობთ.  ამ ღონისძიებაზე თიკას მაქსიმალური მონდომებით საქართველოს ყველა კუთხე გაცოცხლდა.

ინდონეზიაში გამართულ ყვავილების ფესტივალზე კი მოძრავი „ქართლის დედა“ წარმოადგინა. ეს იმდენად მასშტაბური სანახაობა იყო, მთელი ინდონეზია საქართველოსა და „მის დედაზე“ საუბრობდა.

„ინდონეზიაშიც საქართველო გავაცოცხლეთ. ჩემი მხრიდან ვინც კი იცნობს საქართველოს, ის საქართველოზე შეყვარებული და გადარეულია. ჩამოდიან როგორც სტუმრები და მიდიან როგორც ოჯახის წევრები. მათ უნდათ, რომ გაითავისონ საქართველო და როგორც მე ვდებ ჩემს სიყვარულს მათ, ისე გადადონ თავიანთი სიყვარული სხვებს. საქართველოში ერთ-ერთი „სელებრითი“ გვყავდა ჩამოყვანილი ფარა ქვინი, რომელიც ლორა ბუშის მზარეული იყო. სწორედ ეს ქალბატონი იყო ინდონეზიაში გამართული ფესტივალის ორგანიზატორი. საქართველო ძალიან შთამბეჭდავად წარვადგინეთ. ინდონეზიელები საქართველოთი იმდენად მოიხიბლნენ, „მთიულური“ 5 დღეში ისწავლეს და იცეკვეს კიდეც. ამ ღონისძიებაში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა. ყველამ გაიგო საქართველო რა მდიდარი ტრადიციისა და კულტურის ქვეყანაა. ყველა „ჯორჯია“, „ჯორჯიას“ იძახდა. კითხულობდნენ სად არის ეს „ჯორჯია“. განსაკუთრებით კი „ქართლის დედითა“ და ნარიყალათი მოიხიბლნენ. ეს იყო უზარმაზარი, ყვავილებისგან გაკეთებული მოძრავი დეკორაცია – ქართული დროშა ნარიყალა და  ქართლის დედა“ – იხსენებს თიკა სვანიძე-ვანკო „მთავართან“.

არანაკლებ პომპეზური და ამაღელვებელი იყო საქართველოს პრეზენტაცია  ბალის მეფე-დედოფალთან. როგორც თიკა იხსენებს, ჯაკარტაშიც  საქართველო ისე წარმოაჩინა, ინდონეზიის დელეგაცია, რამდენიმე დღის უკან საქართველოშიც კი ჩამოიყვანა.

თიკა: „იქაც ძალიან მაღალი დონის ხალხთან ჩავატარეთ პრეზენტაციები. ინდონეზიაში თუ ვინმე ცნობილი ადამიანი სადმე გაემგზავრება, მერე მთელი ინდონეზია იქ მიდის. მოგზაურობის შესახებ ისტაგრამზე პოპულარური ადამიანები რომ პოსტავენ და ფოტოებს აქვეყნებენ, მათ მილიარდობით გამომწერები ჰყავთ და ისინი საქართველოს გულშემატკივრები ხდებიან, ჩადიან და მოგზაურობენ საქართველში. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი ჯაკარტაში ძალიან მაღალი დონის ვიზიტისას.  ყველამ გაიგო საქართველოს შესახებ. ინდონეზიის დელეგაცია პირვლად შემომყავს საქართველოში, ჯგუფში 8 ინვესტორია.“

მთავარი:“  გულისტკივილი და გულისწყვეტა, რაც  საქართველოსთან დაკავშირებით გაქვთ?

თიკა სვანიძე-ვანკო: ყოველთვის იმედი მაქვს, რომ 20 წელი რომ გავა, საქართველო იმაზე უკეთესი იქნება, რაც დღეს არის. სამწუხაროდ, წლები გადის და გულისწყვეტა ის არის, რომ  ამ უკეთესობას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს. განა რა ვართ, სულ  4 მილიონი. ინდონეზიაც ჩამორჩენილია, მაგრამ ბალის კუნძულზე რომ წახვიდეთ, მთლიანი საქართველოა – 5000 მილონი, მაგრამ აყვავებულია. საქართველო  ის ქვეყანა არ არის, რომ ვერ მოუარონ, თან ამხელა პოტენციალია. აქ ტურიზმი უნდა ყვაოდეს. რატომ მაქვს ჩემი რესტორანი, ჩემი აბანო, ჩემი შატო, იმიტომ, რომ ეს სერვისები არ მაკმაყოფილებს. იტყვიან ერთს, ფიქრობენ მეორეს, აკეთებენ მესამეს. არაერთს დავუღალატებივარ. ტურისტს არ ემსახურებიან ისე, როგორც საჭიროა. რასაც საქართველო ვერ მთავაზობდა ჩემი საქმიანობისთვის, მე შევქმენი ჩემს გარშემო, რომ სტუმარს ისე გავუმასპინძლდე, როგორც ქართველს შეეფერება. ამიტომაცაა, რომ ვინც ჩამომყავს, ის ისევ ბრუნდება საქართველი და თან მარტო არა, მისი ჯგუფით“.

სადაც „მთავარის“ რესპონდენტი ჩადის, ყველგან პატარა საქართველოს აცოცხლებს და ადგილობრივებს საქართველოზე ალაპარაკებს. ამსტერდამში კი, სადაც ამჟამად ცხოვრობს, ქართველი ბავშვებისთვის ქართულ საქმეს აკეთებს – ქართული კულტურის ცენტრში, ამსტერდამში დაბადებული და მცხოვრები ქართველო ბავშვები ქართულად, ქართული ტრადიციებითა და კულტურით იზრდებიან. ეს ყველაფერი კი იმ პატარა გოგოს არანორმალური შრომის შედეგია, რომელმაც საქართველო 21 წლის ასაკში დატოვა, თუმცა წლების შემდეგ საკუთარი სამშობლო არაერთ ქვეყანაში გააცოცხლა.

 

 

მსგავსი თემები