ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ.

ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

„გავასაჩივრებთ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იყო, ფაქტობრივად მოსამართლე პროკურორს დაეხმარა დასაბუთებაში. პროკურორს არ უხსენებია ისეთი ფაქტები, რაც მოსამართლემ შემდეგ განჩინებაში ჩაგვიწერა. მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, შეცვლის და ჩაგვინაცვლებს ჩვენ მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებით ან საერთოდ მის გარეშე დატოვებს. პროკურატურას არ უხსენებია, რომ კონფლიქტი არ იყო დასრულებული, შესაძლოა, გაგრძელებულიყო და მოსამართლემ განჩინებაში ჩაგვიწერა, არადა კანონში წერია, რომ პროკურატურა არის ვალდებული, მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა დაასაბუთოს.

ალტერნატივის სახით, ჩვენ სასამართლოს ვთავაზობთ სამ ვარიანტს, ერთი რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს, მაგრამ თუ მაინც ჩათვლის, რომ უნდა იყოს აღკვეთი, მაშინ 50 000-ლარიანი გირაო ან პირადი თავდებობა იყოს. პროკურატურის განაცხადი, რომ გამოირიცხა აუცილებელი მოგერიება, მაშინ როცა საქმე სრულად არ აქვთ გამოძიებული, ეს უკვე არაპროფესიონალიზმზე ან უპასუხიმგებლობაზე მეტყველებს. სრულყოფილად არ არის გამოძიება ჩატარებული და ამბობენ, რომ აუცილებელი მოგერიება გამოირიცხა“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ ცნობილაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათივე ცნობით, აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

უწყების ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები