სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, თბილისში არსებულ სასმელი წყლის ნიჟარებზე, თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტი ონკანები დაამონტაჟებენ. თბილისის მერიის დაკვეთით, შპს “ეკოსერვის ჯგუფმა” 300 ერთეული ონკანი შეიძინა. ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის ნიჟარებზე.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება. უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა.
მათივე ინფორმაციით, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს, რათა თბილისის მასშტაბით, წყლის რაციონალური ხარჯვა უზრუნველყონ.