„კოვიდ-19“-ით მესამედ ინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პირველ არხთან „კოვიდ-19“-ით მესამედ დაინფიცირების შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით მესამედ ინფიცირება ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და საქმე გვაქვს სავარაუდო შემთხვევებთან.

მისი განმარტებით, არის ფაქტები, როდესაც პაციენტი მესამედ ინფიცირებაზე საუბრობს, თუმცა რეინფიცირების ფაქტს მყარი დადასტურება სჭირდება, რაც მეორედ ინფიცირებისგან განსხვავებით, უფრო რთული პროცედურაა.

ამასთან, თენგიზ ცერცვცაძის თქმით, ვირუსის გავრცელების მექანიზმი მესამედ დაინფიცირების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რის გამოც ორჯერ კოვიდგადატანილმა პაციენტებმა სიფრთხილის ზომები ისევ უნდა დაიცვან.

„კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს. მეორედ რეინფიცირება ნიშნავს, რომ პირველმა ინფექციამ პაციენტს იმუნიტეტი არ დაუტოვა, ან ის განსხვავებული შტამით დაინფიცირდა. თუ არსებობს მეორედ რეინფიცირების შემთხვევები და ასეთები ნამდვილად არსებობს, იგივე მექანიზმით, მესამედ დაინფიცირებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, კოვიდგადატანილის, მით უფრო თუ მას ვირუსი ორჯერ აქვს მოხდილი და თან ვაქცინირებულია, ხელახლა დაინფიცირების საფრთხე გაცილებით ნაკლებია. თუმცა, ცერცვაძის განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ვაქცინირება, არც ვირუსის მოხდა პლუს აცრა არაა ასპროცენტიანი გარანტია, რომ ადამიანი არ დაინფიცირდება, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა ბევრად მსუბუქი იქნება.

ამის გათვალისწინებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამ კატეგორიის ადამიანებს მოუწოდებს, პრევენციის ზომებს მიმართონ და პირბადე ატარონ, ვიდრე ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„კოვიდ-19“-ით მესამედ ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფექციური კლინიკის ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცადა. ამასთან, მისი თქმით, საუბარია შესაძლო შემთხვევებზე. ლაბორატორიულად დადასტურებული მსგავსი შემთხვევების დაფიქსირება პირველ არხთან საუბარში არ დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები