“მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ” – 32 წლის მწერლის უკანასკნელი განცდები

​ქართველი მწერალი ანა ლაშხელ ონიანი 32 წლის ასაკში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მწერალს კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ის თურქეთში მკურნალობდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ. ანა სვანეთში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში განაგრძო, შემდეგ კი თბილისში.

ახალგაზრდა მწერალმა ხელოვანთა გაერთიანება „თბილი სამყარო“ დაარსა, რომლის საშუალებითაც ის და მისი მეგობრები მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდნენ. ანა იყო სატელევიზიო პროექტის „იმედის გმირის“ მონაწილეც.

“მედიაცენტრი მთავარი” გთავაზობთ ახალგაზდა მწერლის ერთ-ერთ ბოლო სტატუსს, სადაც ანა ლაშხელ ონიანი საზოგადოებას საკუთარ განცდებს უზიარებს, რომელიც დაავადება აღმოაჩინა და კმაყოფილია იმით, რომ ბევრი კარგი ადამიანი შეხვდა ამ რთულ გზაზე.

“არასოდეს არავინ თქვას არასოდეს…
უკვე მჯერა რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა…და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.
20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს.არ ვიტყვი რა.იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები,არც სიბრალულს არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის.დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან,ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს.
ახლა მადლობების სერია.
1.მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელს განყოფილებას. ექიმებს, მედპერსონალსაც კი, ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის. მადლობა უსაყვარლეს Tiko Kuchukhidze- ს, რომელიც ადამიანობის ეტალონია. კახა ვაჭრიძეს,რომელიც სიტყვითაც კურნავს ადამიანებს.#თოდუას მთელ კოლექტივს, რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები. მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს.მადლობა უფალს რომ მომცა შანსი ბრძოლის,იმედის…
მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს,რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები,რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი.
მადლობა ყველას ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები,ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ,რომ თქვენთვის მეთქვა,მე არაფრის მეშინია.ყველაფერი არის და იქნება კარგად.

მე დავწერ წიგნს – მე დავამარცხე კიბო”, – წერდა ანა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მსგავსი თემები