“მზად ვარ, ვიყო მოხალისე და ვიმუშაო თუნდაც ფერშლად, სანიტრად” – ლაშა ჩხარტიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლაშა ჩხარტიშვილმა დიღმის საველე ჰოსპიტალში მოხალისეობის სურვილი გამოთქვა.

მან შესაბამისი თხოვნით განცხადება დღეს ამავე დაწესებულებაში დატოვა. ჩხარტიშვილმა არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს მოხალისედ მუშაობისკენ, ხოლო ხელისუფლებას მოხალისეობის მსურველების დროულად გადამზადებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვცხოვრობთ კორონაარმაგედონის პირობებში, რომელზეც პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ათასობით ადამიანს სწირავს საკუთარი ძალაუფლების სურვილს, მაგრამ ახლა პირველ რიგში ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს. მე პირადად, ლაშა ჩხარტიშვილი, როგორც მომიჯნავე სპეციალობის წარმომადგენელი, მზად ვარ, ვიყო მოხალისე და მიუხედავად საარჩევნო კამპანიისა, ამ ჰოსპიტალში ან სხვაგან ვიმუშაო, თუნდაც ფერშლად, თუნდაც სანიტრად და ეს გავაკეთო სათანადო ელემენტარული გადამზადების პირობებში. მთავრობას კი მოვუწოდებ, ახლა მაინც დაიწყოს მოხალისეობის ყველა მსურველის გადამზადება, ხოლო რაც შეეხება მათ რეგისტრაციას, რადგან არ გვაქვს მთავრობის იმედი, მე საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ლაშა ჩხარტიშვილის სახელწოდებით დავიწყებ მოხალისეთა რეგისტრაციას და იმედი მაქვს, რომ ათასობით ადამიანი გამოთქვამს სურვილს, გავაკეთოთ მთავრობის გასაკეთებელი საქმე, გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალქეები. ამისთვის გვჭირდება ელემენტარული, რომ გადამზადების კურსები დააორგანიზოს იმ ხელისუფლებამ, რომელმაც არ გააკეთა დანარჩენი არაფერი. ვაქცინაციაც დააგვიანა, დააგვიანა და არ დაუწყია ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანია, უამრავი კორონა დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მსგავსი თემები