“15 სექტემბრისთვის ამ ტიპის ეპიდსიტუაცია თუ იქნება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სწავლის დაწყების დროისთვის კვლავ მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება.

ამასთან, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში ახლა მოქმედებს და ასევე ვაქცინაცია, შედეგს გამოიღებს და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდება.

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი კი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი თემები