საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ რადგან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ყიფიანი-ოქუაშვილის საუბრის მედიაში გავრცელებული ჩანაწერები არ არის ავთენტური, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი, ვინ შეაკოწიწა ან რისთვის დასჭირდათ.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზა ითვლება ობიექტური ხარისხის მტკიცებულებად.
„როდესაც ვისმენთ ფარულ ჩანაწერებს, რომლის წარმომავლობის კანონიერება არავინ იცის, პირველი კითხვა რაც ისმება არის ავთენტური თუ არა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა ამბობს, რომ ეს ჩანაწერები არის ხელოვნურად შეკოწიწებული. ამ ჩანაწერების სანდოობა და უტყუარობა ექსპერტიზამ გამორიცხა. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შემდეგი ეტაპი რაც ამას უნდა მოყვეს არის, ის თუ ვინ გააკეთა, ვინ შეაკოწიწა ეს და რისთვის დასჭირდათ. ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვები, რომელიც გამოძიების წინაშე დგას და გამოძიება ახლა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს”,- განაცხადა ბესელიამ.
კომპანია “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, ისინი დამონტაჟებულია.