თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ფონიჭალის დასახლებაში, სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, 192 პირია დაკავებული, მათ შორის, 13 ქალია. მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში – 3, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან საკონტროლო შესყიდვები და ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები განახორციელეს. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია ჰეროინი. აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ტ.ი. და 1980 წელს დაბადებული რ.კ.
პოლიციამ, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 40 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სხვადასხვა ვალუტა ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი 4 ავტომობილი.
ასევე, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებისას შეჩერებული ავტომობილიდან, მგზავრების პირადი ჩხრეკისას, ფეხსაცმელების ძირებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 კილომდე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.