კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია.

„ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება;

შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება;

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც შესაბამისი უწყებები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ;

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება;

ამასთან, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი თემები