“თბილისობა 2018” – ნამდვილი გლეხური ნობათი, თუ სარესტორნო ბიზნესი

თითქმის 40 წლის წინათ დაარსებული დღესასწაული „თბილისობა“ წელს 6-7 ოქტომბერს აღინიშნება. შემოდგომის მეორე თვის დასაწყისში, დედაქალაქის ისტორიულ ადგილებში, ორი დღის განმავლობაში, ტრადიციულად ეწყობა ფესტივალი, რომელიც უამრავ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს. იმართება გამოფენა-გაყიდვები, ხალხური კონცერტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, რაც საოცარ ელფერს სძენს თბილისობის დღესასწაულს.

თბილისობას, ისევე, როგორც სხვა მთავარ დღესასწაულებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძველი აქვს. ეს არაჩვეულებრივი დღე თავისთავად ლამაზია და მიმზიდველი ტურისტებისთვის. ამ დღეს, თბილისელებთან ერთად სუფრაზე უამრავ უცხოელს ნახავთ. იმართება კონცერტები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე. ტურისტები ეცნობიან ქართულ ტრადიციებს, მათ შორის ერთ-ერთია ჭიდაობა.

თბილისობის ძირითადი ლოკაციებია რიყე, ლეღვთახევი, აღმაშენებლის გამზირი. შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტერიტორიების დასაკავებლად თბილისობის წინა ღამით, ნამდვილი “ბრძოლა მორევაზე” იმართება ხოლმე, ასეთ დროს ძლიერი იმარჯვებს სუსტის წინააღმდეგ. ისინი კი, ვისაც „თანაბარუფლებიანობის“ სჯერათ, ხშირად წაგებულები რჩებიან. თბილისობის ჩანაფიქრი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ რაიონებიდან ჩამოსულმა გლეხებმა მათი ნაღვაწი, ნობათი გამოიტანონ გასაყიდად, მაგრამ როგორც წესი გლეხების ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა ზის, რომლების ამაყად ყიდიან სწორედ იმ გლეხის ნაშრომ-ნაოფლარს, რომელსაც ადგილი წაართვა, ან სულაც ადგილობრივი რესტორნები იკავებენ ადგილებს.

​როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, წელს ეს პრობლემა არ იქნება, რადგან სავაჭრო ადგილებისთვის დედაქალაქის შესაბამისი რაიონის გამგეობები ლიცენზიებს გასცემენ.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება და წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.

მისი ინფორმაციით გარევაჭრობა დასაშვები იქნება 6 რაიონში. ჩუღურეთის რაიონში – ხეთაგუროვის სკვერთან, ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორიაზე, სამგორის რაიონში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; გლდანის რაიონში – ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებულ სივრცეში; დიდუბის რაიონში – სტანისლავსკის ქუჩაზე; „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. საბურთალოსა და ვაკის რაიონში – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და გეგეშიძის ბაღი.

როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, გლდანის რაიონში 6-7 ოქტომბერს, თბილისობის ფარგლებში საშემოდგომო ბაზრობა ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა  და პოლიციის შენობას შორის გაიმართება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დილიდან გამოიტანოს პროდუქცია და გაყიდოს.

“გამგეობაში რამდენიმე განცხადებაა შემოსული და რასაკვირველია უკვე გათვალისწინებულია მათი განთავსება“, – აცხადებენ გამგეობაში.

​მათივე ინფორმაციით, საშემოდგომო ბაზრობის გარდა, გლდანის პარკში, 12:00 საათიდან სხვადასხვა აქტივობები დაიწყება, სადაც მისული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები, ჟონგლიორები და ილუზიონისტები იზრუნებენ. ბავშვებისთვის პარკში ბატუტი, სახის მოხატვა, დრამ-შოუს მხიარული მსვლელობა, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და გლდანის რაიონში არსებული სხვადასხვა სტუდიების მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები დახვდებათ. დასწრება თავისუფალი იქნება.

ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული თბილისობა პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ტრადიციულად დღესასწაული ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ღონისძიებების ეპიცენტრია „ძველი თბილისი“ – დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდება

თბილისობის მსგავსი სანახაობა ძველ თბილისში ყეენობა იყო, რომელსაც ხალხური თამაშობები: კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა ამშვენებდა. ჭიდაობის საასპარეზო ადგილად კი დიდუბე მიიჩნეოდა. ეს დღესასწაული განსაკუთრებით უყვართ პატარებს, რადგან ამ დღეს ქალაქში ლაღად გასეირნების საშუალება ეძლევათ და ხალხისგან უამრავ სიყვარულსა და სითბოს გრძნობენ, არამარტო ისინი არამედ ყველა, მთელს ქალაქში სიყვარული სუფევს.

თიკა ლეჟავა

მსგავსი თემები