„სამართლიანად და კანონიერად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება“ – მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებისთვის დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება კანონიერად და სამართლიანად მოხდა. როგორც გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სასამართლომ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ყოფაქცევაც გაითვალისწინა.

„დიახ, ამაში უცნაური და უკანონო არაფერია. მარიანა ჩოლოიანმა სამართლიანად და კანონიერად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.  ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე სამართლებრივად უნდა შევაფასოთ. კანონმდებელი ნებისმიერ მსჯავრდებულს  აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდეს ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით და ეს შესაძლებლობები ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ“ – განმარტავს გაგი მოსიაშვილი

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ მუდმივმოქმედმა საბჭომ  ასევე გაითვალისწინა მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე „მწვანე სკოლის” კედელზე გაკეთებული წარწერების გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან საუბრის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიანა ჩოლოიანი კი ჩვენების იძულების ბრალდებით  დააკავეს.

მსგავსი თემები