ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების აქტივობა გაიზარდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„საფრანგეთის ელჩთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გავეცანი. მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ გაზრდილია. ყოველდღიურ რეჟიმში ვამატებთ ბრიგადებს, რათა ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მოვუწოდებთ ყველას, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნონ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

დიპლომატმა ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და საქართველოს მთავრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხდა.

„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყებისთვის, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ევროპისა და დასავლეთის მიმართ კი მეგობრული ჟესტია, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ეფექტურად იმართება“, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასიმ განაცხადა.

მსგავსი თემები