სალომე ზურაბიშვილი ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი თემა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, შარლ მიშელის ძალისხმევით შეთანხმებული დოკუმენტის ანულირება იყო. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.    

„მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. დღეს, პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არ არის და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები