„თუ ასე გაგრძელდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი შეიქმნება“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო დღეებში, კლინიკებში საწოლების დეფიციტი გაჩნდება.

აღნიშნული განცხადება ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც მედიკოსი განმარტავს, კლინიკებში ადგილების დეფიციტის შექმნის პრობლემა  დროის საკითხია.

„დღეს გვაქვს ინფიცირების 4827 შემთხვევა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად, დავუბრუნდით 2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ციფრებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 4-5 ათასი ინფიცირებული და 5 დეკემბერს იყო 5 450 შემთხვევა, რაც საქართველოს პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ციფრია. თუმცა, ახლანდელი 4827 შემთხვევა სხვა კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ მაღალი რაოდენობა გვაქვს ერთი დღის განმავლობაში, არამედ, ე.წ. აქტიური შემთხვევების მაღალი რაოდენობა ძალიან მაღალია“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, აქტიური შემთხვევების უკან დგას აუცილებლობა ამ ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების.

„ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორზე დატვირთვა  აქტიური შემთხვევების პირობებში ძალიან გაზრდილია. შესაძლებელია, მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში, ასეთი მაღალი ციფრები პრობლემური გახდეს. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა,  დამატებით საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები