„ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი“ – ლევან დავითაშვილი

„სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისივე შეფასებით, წელს საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს ელოდებიან.

„მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, გარკვეული დისბალანსი ნედლეულსა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს შორის მაინც არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში. მინდა განვმარტო, ასეთი რთული სიტუაცია მეღვინეობის სექტორში შექმნილია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ექსპორტის ზრდა და წელს ველოდებით მონაცემთა კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თუმცა ეს არის არის საკმარისი; ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო მეტი იყო. ჩვენ ვგეგმავდით, დაახლოებით, 15-20%-იან ზრდას, რეალური ზრდა კი, 7-8%-ის ფარგლებშია, რაც საკმარისი არ არის; შესაბამისად, სახელმწიფოს უწევს ინტერნვენცია, რომ დააბალანსოს ფასები, ფერმერებს შრომის ანაზღაურება იყოს ადეკვატური და შევინარჩუნოთ მოტივაცია, რომ მათ განაგრძონ საქმიანობა მომავალ წლებშიც“ – განმარტა მინისტრმა.   

დავითაშვილის თქმით, წელს 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავება უნდა მოხდეს.

„ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში უნდა გავზარდოთ ექსპორტი, გავასამმაგოთ, რაც 10 წლიან გეგმაშიც წარმოვადგინეთ, საჭიროა სანედლეულო ბაზის ზრდა და  ქვეყანაში ვენახების გაშენების ტენდენციის და ახალი წარმოებების შექმნის გაგრძელება“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები