ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი გვამი გაუჩინარებულ ავსტრალიელ ქალს ეკუთვნის, რომელიც თბილისში გუშინ გაუჩინარდა.

„მედიაცენტრი მთავარი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი ქალი თბილისში ინგლისურს ასწავლიდა, მისი ცხედარი „ეშმაკის ბორბალის“ მიმდებარედ იპოვეს.

მსგავსი თემები