ვინ დაარწმუნა მოსკოვი, რომ თბილისი თანახმაა – თბილისის სასულიერო აკადემია 30 წლისაა

  •  

​თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად საპატრიარქოში კონფერენცია გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლის შექმნის იდეა დაიბადა მეფე დავით აღმაშენებელის დროს, როცა დაარსდა გელათის აკადემია. “დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა, იერუსალიმი თავისი სულიერებით და ათინა მაღალი მეცნიერებით”, – განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლის იდეა საქართველოში მუდამ არსებობდა, თუმცა მისი განხორციელება ძნელი იყო. საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ძალიან მძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მოისურვა გაეხსნა სასულიერი სასწავლებელის კურსები.

“ეს იყო ხრუშჩოვის პერიოდი. ძალიან მძიმე პერიოდი, რადგან მრავალი ტაძარი და მონასტერი დახურული, გაუქმებული და დაკეტილი იყო. ამათ კურსები უმნიშვნელო საქმედ ჩათვალეს და უფლება მისცეს, გახსნილიყო. ეს კურსები გადაიზარდა სემინარიად და დადგა აკადემიის საკითხი. რელიგიის დარგში მთავრობის წარმომადგენელი ანზორ წიკლაური იყო, ისტორიკოსი ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოდან. მან დიდი ღვაწლი გასწია. მოსკოვი ამბობდა, თბილისია წინააღმდეგიო, თბილისი ამბობდა, – მოსკოვიო. წიკლაურმა იმუშავა და დაარწმუნა მოსკოვი, რომ თბილისი თანახმაა და თბილისი დაარწმუნა, რომ მოსკოვია თანახმა. ასე გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. გელათის აკადემიის შემდეგ, ეს იყო უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი“, – განაცხადა ილია მეორემ.

შეხვედრას სასულიერო პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაარსდა 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით და შეადგენს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ნაწილს.

თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე მიიღებიან უმაღლესი საერო განათლების მქონე და სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მამაკაცები 35 წლამდე.

 

მსგავსი თემები