“გული მისკდება, რას იტყვიან შარლ მიშელი და ევროკავშირი” – ალეკო ელისაშვილი

გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო. რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისა და შარლ მიშელისთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ფერი ფერს და მადლო ღმერთსო“, ასეა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერი აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ იხედება და ვერც „ქართული ოცნება“.

„ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ მთელი ამ თვეების განმავლობაში და არ აწერდა ხელს, ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა და გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს. რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის და შარლ მიშელისთვის, იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის. ძალიან მკაცრი განცხადებები აქვთ, თუმცა, ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება შარლ მიშელს და ევროკავშირს. გული მისკდება, რას იტყვიან ისინი. ეს კარგს რომ არაფერს მოუტანს ქვეყანას, როგორც მოიქცნენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცხადია,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

მსგავსი თემები